აშშ-გერმანია

ტრამპი: გერმანიაში აშშ-ის ჯარისკაცების რაოდენობის 25 000-მდე შემცირებას ვაპირებთ

დონალდ ტრამპი
Getty Images

15 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის გერმანიაში აშშ-ის სამხედროების რიცხვის 25 000-მდე შემცირებას აპირებს.

"ამრიგად, ჩვენ გერმანიას ვიცავთ და ისინი არ იხდიან. ეს უაზრობაა. ამიტომ, ვაპირებთ, რომ ჯარისკაცების რიცხვი 25 000-მდე შევამციროთ". – საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანია აშშ-ს ვაჭრობაზე ძალიან ცუდად ექცევა, თუმცა სხვა დეტალი აღარ უთქვამს. 

მან აღნიშნა, რომ გერმანია NATO-ს თავდაცვით ბიუჯეტში 1%-ს იხდის, მაშინ როდესაც 2%-ს უნდა იხდიდეს და ასეც რომ იყოს, 2%-იც ძალიან ცოტაა – "ამაზე მეტი უნდა იყოს".

5 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პენტაგონს გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანა უბრძანა. გეგმის შესაძლო ამოქმედებამდე, ის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ამერიკის წამყვანი სამხედრო ოფიცრის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის რამდენიმეთვიანი  მუშაობის შედეგია და ამას საერთო არაფერი აქვს ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის არსებულ დაძაბულობასთან.

ადმინისტრაციიდან ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ 9 500 ჯარისკაცს სხვა ადგილას გადაიყვანენ – ზოგს პოლონეთში, ნაწილს სხვა მოკავშირე ქვეყნებში და ზოგი კი სახლში დაბრუნდება. 

მისივე თქმით, აშშ-ის ლიდერობით NATO-ს სამხედრო ალიანსის ჯამური გაზრდილი თავდაცვის ხარჯების გამო, გერმანიაში ფართო კონტიგენტის ნაკლები საჭიროებაა.

ამ დროისთვის გერმანია ევროპაში ყველაზე მეტ ამერიკელ სამხედროს სტუმრობს. მას მოსდევს იტალია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი.

ცნობებს უკვე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი მეტუშ მორავიეცკი. ის იმედოვნებს, რომ ზოგ ამერიკელ ჯარისკაცს პოლონეთში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი NATO-სთვის დაფინანსების შემცირებას აპირებს. ის სხვა წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რათა მათ თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაზარდონ. 

2019 წლის ნოემბერში გერმანიის თავდაცვის მინსტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევს:

"2024 წლამდე ჩვენ უნდა დავხარჯოთ [მშპ-ის] 1.5% და საბოლოოდ, 2031 წლამდე 2%". 

ამჟამად NATO-ს წევრი მხოლოდ 7 ქვეყანა აკმაყოფილებს თავდაცვაზე სამიზნე მინიმალურ 2%-იან კონტრიბუციას. ეს ქვეყნებია აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ჯამში, ყველა ევროპული ქვეყანა ალიანსში თავდაცვაზე 1.51%-ს ხარჯავს.

გერმანიას ევროპაში და NATO-ში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკა აქვს. გერმანია ამჟამად NATO-ში მშპ-ის 1.23%-ს ხარჯავს, რაც, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარია.

2018 წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთი თავდაცვისთვის NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ:

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის, უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს".

ამას გარდა, მან განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია. 

"რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ". – მიმართა ტრამპა სტოლტენბერგს.

5 ივნისს სენატში რუსული გაზსადენის Nord Stream-ისთვის სანქცების ახალი პროექტი დაარეგისტრირეს.

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპს და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება.

კომენტარები