20 ივნისი

დროებით სამშენებლო ღობეზე სტენსილის მიმაგრების გამო სირცხვილიას აქტივისტები დააჯარიმეს

სირცხვილია

მოძრაობა სირცხვილიას რამდენიმე აქტივისტი პანორამა თბილისის მიმდებარედ, დროებით სამშენებლო ღობეზე სტენსილის მიმაგრების გამო 200-200-ლარით დააჯარიმეს. წარწერა "ჩვენ გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს" 20 ივნისის მოვლენების წლისთავს ეძღვნება. 

“სირცხვილიას” აქტივისტები ამბობენ, რომ ოფისიდან გამოსვლისთანავე პოლიციის მანქანა აედევნათ. სტენსილის გაკეთების შემდეგ კი ადგილზე პოლიციის არაერთი ეკიპაჟი მივიდა.

აქტივისტები პოლიციას უხსნიდნენ, რომ დროებით სამშენებლო კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთება აკრძალული არ არის, რასაც სამართალდამცველები არ დაეთანხმნენ და თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია გამოიძახეს. მიუხედავად იმისა, რომ იმავე დროებით ღობეზე არაერთი სარეკლამო პლაკატია გაკრული, მუნიციპალურმა სამსახურმა სირცხვილია აქტივისტები "იერსახის თვითნებური შეცვლისთვის" ადმინისტრაციული წესით, ჯამში, 1000 ლარით დააჯარიმა.

კვირას, 20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით აქცია გაიმართება. მათი განცხადებით, "ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი". 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები