დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, უახლოეს დღეებში PCR ტესტის გაკეთება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების პროცესი უფრო ფართოვდება და მასში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება – მათ შორის, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები, კონდუქტორები და სხვა მომსახურე პერსონალი.
"ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან სხვადასხვა კლინიკის რეანიმაციებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. რაც მთავარია, ამ ჯგუფს დაემატა ტრაილერების მძღოლები და ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი". – თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ პირველი ივლისიდან იწყება ტესტირების გაფართოების მეორე ეტაპი, ხოლო 15 ივლისიდან – მესამე ეტაპი.
"ჩვენი სამიზნეა, რომ დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 ტესტირებაზე და შემდეგ – 4000-4500 ტესტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი.
მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების სპეციალისტები, იუსტიციის სახლებში მომუშავე პერსონალი, ანუ, სადაც ადამიანებთან მეტი შეხება აქვთ“. – ამბობს გამყრელიძე.
15 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 704 და გარდაიცვალა 14 პაციენტი.





