გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუა: რუსეთის ხელისუფლებაც ამავე მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს

მთავარი არხის მეწილემ, გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და სამთავრობო მედიაში მის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება. რურუა ამბობს,რომ ის მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

"მინდა, შევეხო ჩემ წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის. ასე ებრძოდნენ НТВ -ს, ასეთივე მეთოდებით ებრძოდნენ ნემცოვს, კარამუზას, მაგნიცკის, ესტემიროვას და პოლიტკოვსკაიას. ზოგ ადამიანს დააბრალეს მკვლელობა, ზოგ ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაუვრცელეს, ზოგს პედოფილიაში დასდეს ბრალი. ამით ხელისუფლება ცდილობს დაბნეულობის შემოტანას ჩვენში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და არ ემსახურება სიმართლის დადაგენას". – თქვა რურუამ სასამართლოზე. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

რურუა ბრალს არ აღიარებს.

მისი განთავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა –ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის განთავისუფლებასაც ითხოვენ.

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და, ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას, მეორე მხრივ კი – საარჩევნო სისტემის შეცვლასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

კომენტარები