ქართული ოცნება

ქართული ოცნება ოპოზიციას ბრალს პრორუსულობაში სდებს

ტაბულა

ქართული ოცნება ოპოზიციას ბრალს პრორუსულობაში სდებს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს. მოსმენას ოპოზიცია არ დასწრებია - ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ მანამ, სანამ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება და პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. ამასთან, ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მათ არ აქვთ კითხვები ირაკლი ღარიბაშვილთან, ვინაიდან ისედაც აქვთ ინფორმაცია სამინისტროში კორუფციის და სხვა ფაქტების შესახებ.

თუმცა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი მათმა პრორუსულობამ განაპირობა.

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ოპოზიცია ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა.

"ისინი არ ერთვებიან დისკუსიაში თქვენთან და ამის მიზეზი შეძლება იყოს რამდენიმე. პასუხი პირველი - ისინი ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და საუბრობდნენ ვითომ დასავლურად, ცდილობდნენ ეს რუსული საქმე დაებრალებინათ სხვისთვის და დღეს ეს გაუჭირდებოდათ.

პასუხი მეორე - მათ რეალურად თქვენთან კითხვები არ აქვთ.

პასუხი მესამე - ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მათი დღევანდელი ერთ-ერთი ლიდერი ე.წ პოლიტპატიმარი ასე ფიქრობს" - თქვა მდინარაძემ და თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი ჩართო, რომელშიც ისმის: "ეს ონკანი მდებარეობს დიღომში ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას".

მდინარაძემდე გია გაჩეჩილაძემ ვარდების რევოლუცია გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიცია ღარიბაშვილის მოსმენას არ ესწრება "იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღდეგ".

"ეს ასეც იქნება იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღდეგ. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს, როდესაც ისინი ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებს აწყობდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი უშუალოდ ესწრებოდა ამ მიტინგებს და იმ პროცესში შევარდნაძესთან შუამავალი იყო.

სიმბოლურია, რომ ოპოზიცია პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას არ ესწრება, ვინაიდან ისინი გარეთაც და შიგნითაც მუშაობენ, თითქოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არ ჰყავს და ნატო და აშშ ჩვენთან დაახლოებული არ არის. ეს მეხუთე კოლონის საქციელია", - თქვა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები