Twitter

Twitter-მა წაშალა ჩინეთის მთავრობის პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილე 170 000-მდე ანგარიში

reuters

Twitter-მა 170 000-მდე ანგარიში წაშალა, რომელთა მეშვეობითაც ჩინეთის მთავრობა ჰონგ-კონგსა და აშშ-ში მიმდინარე აქციების და კორონავირუსის შესახებ კამპანიას აწარმოებდა.

წაშლილი ანგარიშებიდან ძირითადი იყო 23 750, რომლებიც პოსტებს ქმნიდნენ, ხოლო 150 000 ე.წ. “გამაძლიერებელი“ ანგარიში, რომლებც შემდეგ ამ პოსტებს აზიარებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში Twitter აკრძალულია, მთავრობის ეს კამპანია კონტინენტური ჩინეთის გარეთ მცხოვრებ ჩინურად მოლაპარაკე აუდიტორიაზე იყო გათვლილი. მიზანი იყო გავლენის მოხდენა ისეთი თემების აღქმაზე, როგორიცაა ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული მოძრაობა, ქვეყნიდან გაძევებული ჩინელი მილიარდერი გუო ვენგუი, ტაივანი და კორონავირუსი.

ასევე აღმოაჩინეს ძველი, ნამდვილი ანგარიშები, რომლებიც გატეხილი ან ნაყიდი იყო ამ მიზნებისათვის გამოსაყენებლად.

ანგარიშები ავრცელებდნენ გზავნილებს, რომ ჰონგ-კონგში მომიტინგეები ძალადობდნენ, აშშ საპროტესტო აქციებში ერეოდა, ჩინეთი კი კორონავირუსს კარგად გაუმკლავდა. უკანასკნელ პერიოდში ფოკუსი აშშ-ში მიმდინარე აქციებზე გადავიდა. ანგარიშები იმეორებდნენ ჩინეთის მთავრობის მესიჯს, რომ აშშ საკუთარ ქვეყანაში იყენებს ძალას აქციების დასაშლელად, შემდეგ კი ჰონგ-კონგში მომიტინგეებს უჭერს მხარს.

გარდა ამისა, Twitter-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მთავრობის პროპაგანდასთან ასოცირებულ 1 152 ანგარიშზე და 7 340 ანგარიშზე, რომლებიც თურქეთის მმართველ პარტიას და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აპიარებენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ შექმნიან არქივს, სადაც თავმოყრილი იქნება მსგავსი ყალბი ანგარიშები და სხვა ინფორმაცია, რაც მათ კამპანიასა და მუშაობაზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის.

კომენტარები