აშშ

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი: ეკონომიკას ხელახლა ვერ გავაჩერებთ

სტივენ მნუჩინი
Getty Images

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო აშშ-ის ეკონომიკის ხელახალ გაჩერებას ვერ დაუშვებენ.

მნუჩინი მზად არის ეკონომიკის დასახმარებლად კონგრესს მეტი თანხისთვის კიდევ ერთხელ მიმართოს. თუმცა, მისივე განცხადებით, დამატებითი დახმარება იმ სექტორებს გაეწევა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ტურიზმისა და გართობის კომპანიებს. 

სახაზინოს მდივანი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ზოგიერთ ადგილას ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, თუმცა ამ პრობლემების გამკლავების გზად ის გაუმჯობესებულ ტესტირებას, კონტაქტების ძიებასა და საავადმყოფოების მზადყოფნას ხედავს.

"მე ფიქრობ, ჩვენ ვისწავლეთ, რომ თუ ეკონომიკას გააჩერებ, მეტ ზიანს შექმნი და არა მხოლოდ ეკონომიკურ ზიანს," – განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული 3 ტრილიონიანი დახმარებიდან 1.6 ტრილიონი ეკონომიკაში უკვე ჩაეშვა. მომავალი თვის განმავლობაში ეკონომიკაში კიდევ 1 ტრილიონი აშშ დოლარი შეედინება – "ამას დიდი გავლენა ექნება".

მნუჩინის მსგავსად, 22 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, ქვეყანა არ ჩაიკეტება.

აშშ-ის კონგრესმა უკვე დაამტკიცა ოთხი მასტიმულირებელი პაკეტი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 3 ტრილიონ დოლარს აღწევს. ყველა მათგანი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა.

მაისში აშშ-ის შრომის ბაზარი მოულოდნელად გამოცოცხლდა. ოფიციალური მონაცემებით, მაისში გაცემული ხელფასების რაოდენობა 2,5 მილიონით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ფერმებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებში მომუშავე მოქალაქეებს.

28 აპრილს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი შემოდგომაზე დაბრუნდება, ან საერთოდ არც წავა.

22 აპრილს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა რობერტ რედფილდმა თქვა, რომ ზამთარში აშშ-ს კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრება, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე ამჟამინდელი პანდემია, რადგან გრიპის სეზონს დაემთხვევა.

კომენტარები