კორონავირუსი საქართველოში

გახარია: საგანგაშოა, რომ ინფიცირების 4 შემთხვევის წყარო უცნობია, სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო უცნობია. აქედან 3 თბილისშია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. 

"ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 4 ახალი შემთხვევა ინფიცირებისა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენელია, დიდ რისკს შეიცავს. ეს ფაქტობრივად 4 ახალი კლასტერია. წარმოდგენა არ გვაქვს როდის და სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა... მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უდიდესიი სიფრთხილისა და გონიერებისკენ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია",- ამბობს გახარია. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

ინფექციური საავადმყოფოს მედიცინის დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო უცნობია და "მიმდინარეობს მათი კონტაქტების კვლევა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ვნახოთ, რამდენიმე დღეში უნდა მოვიძიოთ მათი ინფიცირების წყარო".

კომენტარები