საქართველო-სომხეთი

გახარია: სომხეთს სამედიცინო პერსონალით დავეხმარებით, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მუშაობს

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია, თუ რა სახის დახმარება სჭირდება მეზობელ ქვეყნებს კორონავირუსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სომხეთის დახმარებაზე მუშაობს. 

"ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ კრიზისს მარტო, ამიტომ ჩვენ გვმართებს ურთიერთთანადგომა ... მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა მდგომარეობა. მე, პირადად, ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. ურთიერთთანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება მიღებული იმისთვის, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს",- ამბობს პრემიერმინისტრი.  

გახარიას თქმით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება, რადგან "ასეთი თხოვნა გამოიკვეთა მეზობელი ქვეყნიდან". 

სომხეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის საკუთარ რიგს 200-მდე პაციენტი ელოდება, რადგან სომხეთის კლინიკებში ინფიცირებულთათვის საკმარისი ადგილები არ არის. 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას სომხეთის დაეხმარებისკენ მოუწოდებდნენ ვირუსთან ბრძოლაში. სომხეთის დახმარების მოთხოვნით მანფესტიც შეიქმნა. 

კომენტარები