ესპანეთი

Covid-19-ის ვაქცინის ან წამლის შექმნამდე ესპანეთში საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ, განაცხადა, რომ 21 ივნისის შემდეგ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მანამ, სანამ ახალ კორონავირუსს არ დაამარცხებენ.

მისი განცხადებით კი, ეს მოხდება მაშინ, როდესაც ვირუსის ეფექტურ ვაქცინას ან წამალს შექმნიან. 

ესპანეთში დახურულ საჯარო სივრცეებში და ასევე ღია სივრცეებში, სადაც სხვა ადამიანებისგან 1.5-მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია, პირბადის ტარება სავალდებულოა. 

ესპანეთში 6 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა მსგავს ადგილებში პირბადე უნდა ატარონ. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება მარტის შუა რიცხვებში შემოიღეს.

21 ივნისს გადაადგილებაზე უმეტესი შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა, ვირუსის გავრცელების ახალი კერების თავიდან ასარიდებლად, მთვარობას გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება სურს.

ესპანეთში ახალი კორონავირუსის გავრცელება შემცირებულია. ქვეყანაში ჯამში ვირუსით ინფიცირების 288 797 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 27 136 პაციენტი.

ესპანეთის ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.

კომენტარები