არჩევნები 2020

ვაშაძე კანდიდატებზე: მზად ვარ კომპრომისზე, თუმცა არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას

ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დაყენებაზე ისაუბრა. 

ვაშაძის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმის მიხედვით უნდა შეირჩეს, თუ ვის მეტი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. 

"მორჩა, გათავდა. არანაირი კვოტები - ამას ამდენი ადგილი, იმას იმდენი ადგილი. მე ამის წინააღმდეგი ვარ. მზად ვარ ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას, ან რაღაც კვოტებით საუბარს ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას. ეს ჩემთვის წითელი ხაზები იყო და იქნება ყოველთვის", - თქვა ვაშაძემ. 

ტაბულა ცდილობდა ვაშაძისთვის ეკითხა, კონკრეტულად რას გულისხმობს, როდესაც "ხალხის აზრით მანიპულირებაზე" საუბრობს ან რომელ პარტიაზე საუბრობს, როდესაც "ვიწროპარტიულ ინტერესებს" უსვამს ხაზს. 

ვაშაძემ ჩვენს ზარს არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით იმავე შინაარსის კითხვა მას TV პირველის ეთერში დაუსვეს, რაზეც ახალი საქართველოს ლიდერმა თქვა, რომ უნდა ჩატარდეს საზოგადოებრივი კვლევა და რომელ ლიდერსაც მეტი რეიტინგი ექნება, ის უნდა დადგეს საერთო კანდიდატად. 

"ეს მნიშვნელოვანია, რადგან პარტია და პოლმზაიტიკოსიც ზუსტადაც, რომ რეიტინგებით იზომება. მე ვარ საჯარო ადამიანი, არ მიყვარს კულუარებში ჯდომა და ვიღაცასთან შეთანხმება-მოლაპარაკებები. ამიტომ ვამბობ, რომ გავასაჯაროვოთ ეს ყველაფერი და კანდიდატების არჩევა მივანდოთ ჩვენს მოსახლეობას, რათა მათ აირჩიონ თავიანთი რჩეულები", - ამბობს ვაშაძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას სურს, რომ საკვანძო ოლქებში საერთო კანდიდატები დააყენონ. ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, გიორგი ვაშაძის ახალმა საქართველომ და რესპუბლიკურმა პარტიამ. გირჩმა თბილისის ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაყენებაზე საერთოდ უარი თქვა, რაც შეეხება საერთო კანდიდატების მხარდაჭერას, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ "კანდიდატს გააჩნია". 

რაც შეეხება ლელოს, პარტიას სურს, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატით წარდგნენ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ურთიერთსარგებლობიდან გამომდინარე.

ამავე თემაზე ვრცლად: საერთო კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში - რა პოზიციები აქვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

კომენტარები