აშშ

აშშ-ის კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც პოლიციელების გასამართლებას გააადვილებს

ABC

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებმა კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც არასათანადო ქცევისათვის პოლიციელის გასამართლებას გაამარტივებს და აკრძალავს სხვადასხვა იარაღის და ტექნიკის გამოყენებას. მათი თქმით კანონი სამართალდამცავ სისტემაში რასიზმის აღმოფხვრისკენ არის მიმართული.

კანონპროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სენატის უმცირესობის ლიდერთან, ჩაკ შუმერთად და შავკანიან დემოკრატ კონგრესმენებთან, კამალა ჰარისთან და კორი ბუკერთან ერთად წარადგინა. წარდგენის შემდეგ მან წაიკითხა იმ შავკანიან პირთა სახელები, ვინც პოლიციამ უკანასკნელ წლებში მოკლა.

კანონპროექტი ფედერალურ პოლიციას კამერების გამოყენებას დაავალდებულებს, აკრძალავს მოგუდვის ტექნიკის გამოყენებას, "დაკაკუნების გარეშე" რეიდებს და გაამარტივებს პოლიციელის პასუხისგებაში მიცემას არასათანადო ქცევისათვის. გარდა ამისა ლინჩის წესით გასამართლება ფედერალური სამართალდარღვევა გახდება, შეიზღუდება პოლიციისათვის სამხედრო ტიპის იარაღის მიყიდვა და იუსტიციის დეპარტამენტს მიეცემა უფლებამოსილება შტატების და ადგილობრივ პოლიციებში არასათანადო ქცევის საქმეები შეისწავლოს. შედეგად, შეიქმნება ეროვნული სარეგისტრაციო ბაზა სადაც ასახული იქნება პოლიციის წინააღმდეგ შესული საჩივრები.

იმ პოლიციის დანაყოფებისათვის, რომლებიც მსგავსი რეფორმების გატარებაზე უარს იტყვიან, კანონი ფედერალური დაფინანსების შეჩერებას ითვალისწინებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია მოიპოვებს თუ არა კანონპროექტი მხარდაჭერას სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტი უკვე გააკრიტიკა:

"რადიკალ მემარცხენე დემოკრატებს სურთ დაფინანსება შეუჩერონ და მიატოვონ ჩვენი პოლიცია. უკაცრავად, მაგრამ მე კანონი და წესრიგი მინდა!", - დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

აშშ-ში კვირაზე მეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიზეზი პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაა. ფლოიდის საქმეზე, აქციებზე და პოლიციაში არსებულ პრობლემებზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები