კორონავირუსი საქართველოში

ხუნდაძე: პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნა 20 ლარით დაჯარიმდება, 50 ლარი მძიმე ტვირთია

პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნა 50-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ბიუროს სხდომაზე თქვა.

"ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს იმდენი, რომ ის აღწევდეს მიზანს, არ უნდა იყოს არც იმდენად დიდი, რომ ტვირთად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც ისე ცოტა, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა და ყურადღება. ამ მიზნის მისაღწევად არ იქნება საჭირო 50 ლარი და საკმარისი იქნება 20 ლარიც. მითუმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ხშირად მოქალაქე არის დაბალი შემოსავლის და მისთვის შესაძლოა ეს დიდი ფინანსური ტვირთი იყოს.

ამიტომ, განვიხილოთ 20-ლარიანი ჯარიმა და მძიმე ტვირთი არ დავუწესოთ, როცა შესაძლოა შემთხვევით დაავიწყდეს ვიღაცას ნიღბის გაკეთება და მისთვის 50 ლარი ბევრი იყოს" - თქვა ხუნდაძემ.

კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პირბადის გარეშე დახურულ სივრცეში ყოფნისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება, მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილავენ. 500 ლარით დააჯარიმებენ იურიდიულ პირს, რომელიც შენობაში პირს ნიღბის გარეშე შეუშვებს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეტალურად გაიწერება ადგილები, სადაც მოქალაქეებს პირბადის გარეშე ყოფნა არ შეეძლება. პირველადი ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება სავაჭრო ცენტრებს, მაღაზიებს, აფთიაქებს, ბანკებს და სხვა საჯარო თავშეყრის დაწესებულებებს, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ტაქსებს.

კომენტარები