ბელარუსი

ბელარუსისთვის განკუთვნილი ამერიკული ნავთობის პირველი პარტია კლაიპედას პორტშია

ბელარუსისთვის განკუთვნილი ამერიკული ნავთობის პირველი პარტია უკვე ლიტვაში, კლაიპედას პორტშია. ეს ბელარუსის მხრიდან ამერიკული ნავთობის შესყიდვის პირველი შემთხვევაა. 

77 000 ტონა Bakken-ის მარკის ნავთობით დატვირთული ტანკერი კლაიპეადას პორტში 6 ივნისს ჩავიდა, საიდანაც ბელარუსში ტრანსპორტირებისთვის სარკინიგზო გადაზიდვის მეშვეობით მოხვდება. 

ბელარუსის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში "ბელნეფტხიმში" ამბობენ, რომ წელს ეს უკვე მე-12 ტანკერია და ჯამურად რუსეთის გვერდის ავლით ბელარუსმა წელს 1 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი შეიძინა. ამერიკულ ნავთობამდე ბელარუსმა რამდენიმე პარტია არაბული წარმოების ნავთობი Saudi Aramco-სგან შეიძინა. 

ამერიკული ნავთობით დატვირთულმა ტანკერმა ნავთობი ტექსასში, ბიმონტის პორტში 17 მაისს დატოვა.

ეს ბელარუსისგან ამერიკული ნავთობის შესყიდვის პირველი შემთხვევაა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბელარუსში ვიზიტით ყოფნის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა, რომ აშშ მზადაა, ბელარუსს ნავთობის საჭირო მოცულობა კონკურენტულ ფასებში მიაწოდეს. 

აპრილში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა ნავთობის შესყიდვები საუდის არაბეთშიც დაიწყო. არაბული ნავთობის პირველი პარტია ადგილობრივმა სანავთობო ტერმინალებმა უკვე გადაამუშავეს.

ნავთობის ფასისა და ხარისხის საკითხი რუსეთსა და ბელარუსს შორის მრავალი წელია გადაუწყვეტელია. ვითარება განსაკუთრებით გასულ წელს გამწვავდა, სხვადასხვა დონეზე გამართული ათეულობით მოლაპარაკებისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო ზარების მიუხედავად, ფასზე შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა. 

საბოლოოდ, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთმა რამდენიმე დღით შეაჩერა კიდეც ნავთობის მიწოდება ბელარუსისთვის.

კომენტარები