ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს

ტაბულა

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს.

ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

როგორც გრიგოლია ამბობს, რჩება გადაცემა რეაქციის წამყვანად და კვირის ტოკ შოუს პროდიუსერად.

ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს, რომ მან "ტვ პირველის დირექტორობით ძალიან ბევრ მეგობარს და ოჯახის წევრს აწყენინა" და გადაწყვეტილებაც ამის გამო მიიღო.

ამასთან, მისი თქმით, ყოველთვის გამიჯნული ჰქონდა თავისი საქმიანი და ოჯახის ან სამეგობროს ინტერესები და ასეც აპირებს, რომ გააგრძელოს.

"რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ,რომლებსაც, ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.

ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა . ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია", - წერს ის.

ინგა გრიგოლია ტვ პირველის გენერალურ დირექტორად 2019 წლის 16 ოქტომბერს დაინიშნა.

2020 წლის მაისში არხზე სხვა საკადრო ცვლილეებიც განხორციელდა - საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე ნინო ჟიჟილაშვილი ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა.

კომენტარები