ინგა გრიგოლია

პირს, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, ბრალი წარუდგინეს

ინგა გრიგოლია

პირს, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, საქართველოს პროკურატურამ ადევნების და მუქარის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა. რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 151-ე მუხლის 1 ნაწილით აქვს წარდგენილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.- მ,  ი.გ.- სთან, მისთვის  არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა, დაადგინა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი და დაუწყო უკანონო თვალთვალი: სისტემატიურად ურეკავდა ტელეფონზე, სთხოვდა შეხვედრას, აკითხავდა სამსახურთან და საცხოვრებელ სახლთან, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ხელნაწერ წერილებს, სთხოვდა თითქოსდა საერთო შვილის ჩვენებასა და ვითომდა მითვისებული ქონების დაბრუნებას. ხსენებული მოთხოვნების შესასრულებლად კი მასზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, ემუქრებოდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. რ.ნ.-ს ქმედებებით, რომელიც 2018 წლის 10 მაისამდე გრძელდებოდა, ი.გ.  ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა და მუქარის განხორციელების მუდმივი რეალური საფრთხის და შიშის განცდა ჰქონდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა  რ.ნ. გუშინ თბილისში დააკავეს.  ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. რ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ორი დღის წინ, 20 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს შეიარაღებულმა იაროს. ის ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელია უშედეგოდ სთხოვს.

კომენტარები