ინგა გრიგოლია

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

ინგა გრიგოლია

პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. 

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ დღეს, ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს პირი დღეს, საგამოძიებო ორგანოში დააკავეს. 

ლონდა თოლორაიას განცხადებით, გამოძიება მუქარით დაიწყო, თუმცა პროცესში გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის, ადევნების ნიშნებიც.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ გამოძიების ამ ეტაპზე ნამდვილად დგას ეჭვქვეშ დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობა.

"ჩატარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ მან გაიაროს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, დანაშაული ჩადენის დროს იყო თუ არა შერაცხადი პირი და აცნობიერებს თუ არა იგი სრულად მის მიერ ჩადენილ ქმედებას", - ამბობს ლონდა თოლორაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1970 წელს დაბადებული რ.ნ.-ა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.

"ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გუშინ, 20 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს შეიარაღებულმა იაროს. ის ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელია უშედეგოდ სთხოვს. 

კომენტარები