ინგა გრიგოლია

კაცს, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ინგა გრიგოლია

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარასა და ადევნებაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ინგა გრიგოლიამ 20 მაისს ფეისბუქზე დაწერა, რომ წლებია, მუქარის, შანტაჟის და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რის გამოც აპირებს შეიარაღებულმა იაროს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებას მრავალი წელია უშედეგოდ სთხოვს. ამის შემდეგ, შსს-მ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო და ინგა გრიგოლია გამოკითხა. 21 მაისს კი, მასზე მუქარაში ბრალდებული დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.- მ,  ი.გ.- სთან, მისთვის არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა, დაადგინა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი და დაუწყო უკანონო თვალთვალი: სისტემატიურად ურეკავდა ტელეფონზე, სთხოვდა შეხვედრას, აკითხავდა სამსახურთან და საცხოვრებელ სახლთან, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ხელნაწერ წერილებს, სთხოვდა თითქოსდა საერთო შვილის ჩვენებასა და ვითომდა მითვისებული ქონების დაბრუნებას. ხსენებული მოთხოვნების შესასრულებლად კი მასზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, ემუქრებოდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. რ.ნ.-ს ქმედებებით, რომელიც 2018 წლის 10 მაისამდე გრძელდებოდა, ი.გ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა და მუქარის განხორციელების მუდმივი რეალური საფრთხის და შიშის განცდა ჰქონდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები