საკონსტიტუციო ცვლილებები

პირველ არხზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო

პირველ არხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა მოქალაქეების შესულ კითხვებს უნდა უპასუხონ. განხილვაში არ მონაწილეობენ ევროპული საქართველოს და ენმ-ის წევრები. ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს იქამდე არ დაუჭერენ, სანამ პოლიტპატიმარი ნიკა რურუა არ გათავისუფლდება, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საკონსტიტუციო კომისია მოსახლეობას ვერ ხვდება, ამიტომ, საყოველთაო სახალხო განხილვის სატელევიზიო ფორმატი გადაწყდა. პირველი არხის პირდაპირ ეთერში იმყოფებიან ქართული ოცნების დეპუტატები - არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე. ასევე, საკონსტიტუციო კომისიის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, ირმა ინაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი - მარიამ ჯაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ტელემაყურებლებს მათთვის საინტერესო კითხვების გაგზავნა შეეძლებათ პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები