ჩინეთი

ტაივანი ჩინეთს მოუწოდებს თიანანმენის ტრაგედიისათვის ბოდიში მოიხადოს

ტაივანი, ტაიპეის თავისუფლების მოედანი, 2019 წელი
Reuters

ტაივანი ჩინეთს მოუწოდებს ბოდიში მოიხადოს 1989 წელს თიანანმენის მოედანზე დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების დარბევისათვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოთხოვნას "აბსურდული" უწოდეს.

1989 წელს პეკინში თიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დარბევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

4 ივნისს თიანანმენის ტრაგედიიდან 31 წელი გავა. კონტინენტურ ჩინეთში ამ დღის რაიმე სახით აღნიშვნა აკრძალულია, თუმცა ტაივანში ის ყოველ წელს აღინიშნება. მიმდინარე წელსაც, კორონავირუსის მიუხედავად, რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

დღემდე უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი მოკლეს 1989 წლის 4 ივნისს. ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებს თვითმხილველებზე დაყრდნობით მიაჩნიათ, რომ დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე მერყეობს.

კომენტარები