კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ნინოწმინდის ინციდენტზე: ტესტები არ არევიათ, რატომღაც 1 ტესტის საფუძველზე გაუშვეს

საქართველოს მთავრობა

ამირან გამყრელიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნინოწმინდაში ინფიცირებულთა ტესტის შედეგები აერიათ და კლინიკიდან გამოჯანმრთელებულის ნაცვლად ინფიცირებული გაწერეს, არასწორი ინტერპრეტაციაა.

მისი მტკიცებით, არასწორია ისიც, რომ კაცის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ექიმებისთვის ცნობილი გაწერიდან ორი დღის შემდეგ გახდა.

"კვლევა მიმდინარეობს, ტესტების არევა არ მომხდარა. კარანტინში ორჯერ გაიტესტა და ახლა ხდება მისი განმეორებითი ტესტირება. რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი. ახლა ხდება მისი ჩაღრმავებული კვლევა. სისხლის გამოკვლევა მოხდება. ის გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და ვფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული იქ არ იქნება.

არ არის სწორი ინტერპრეტაცია, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. ის იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. დიდი ალბათობით, ეს ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. აიღებენ სისხლს, გამოიკვლევენ ანტისხეულებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ალბათობით, ჩვენ იქ ინფექცია არ გვაქვს", - თქვა მან.

ტელეკომპანია ფორმულას ნინოწმინდის სოფელ ყარუმაში მერის წარმომადგენელმა, ეგორ თოროიანმა უთხრა, რომ ინფიცირებული პირი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა, 18 დღე იზოლაციაში იყო, შემდეგ კი, 31 მაისს სახლში გაუშვეს და მომდევნო 2 დღე სიმპტომები არ ჰქონია.

"არ ვიცი, მოხდა თუ არა შეცდომა, მგონია, რომ კორონავირუსი არ აქვს. კონტაქტი ბევრთან ჰქონდა", - თქვა მან.

ფორმულასვე ინფორმაციით, კაცი ახლა გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

კომენტარები