ევროპული საქართველო

ბოკერია მაჟორიტარებზე შეთანხმებაზე: მიზანი არის, რომ პირველივე ტურში ნათელი იყოს ვითარება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ის, ისევე, როგორც მისი პოლიტიკური გუნდი ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები თვლიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკვანძო ადგილებზე, განსაკუთრებით კი თბილისში ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთიანი კანდიდატების წარდგენა საჭიროა. 

ბოკერიას განმარტებით, ამის მიზანი რისკების შემცირებაა "ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან" საარჩევნო მარცხის შეგუებასთან დაკავშირებით. 

"[მიზანია, რომ] პირველივე ტურში იყოს ძალიან ნათელი ვითარება. ეს არის საკვანძო და ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს ან იმუშავებს, ის ზოგ შემთხვევაში გულწრფელად, ოღონდ ტაქტიკურად სერიოზულად ცდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან", - ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, მათგან ვინ რომელია, ეს მალე გაირკვევა, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს დისკუსია ოპოზიციურ პარტიებს შორის. 

რაც შეეხება პოლიტიკური პარტია ლელოს პოზიციას, რომ საერთო კანდიდატების დაყენებამ მათ, შესაძლოა, პარტიული ხმები დააკარგვინოს, ბოკერია პასუხობს, რომ ურბანულ ცენტრებში ხმები არ იკარგება, თუმცა ასეც რომ იყოს, კანდიდატები მეტნაკლებად პროპორციულად გადანაწილდება და სადღაც ერთი პარტია დაკარგავს ხმებს, სადღაც - მეორე. 

"თუმცა, ეს არ არის საკვანძო. ურბანულ ცენტრებში, განსაკუთრებით თბილისში, ამ ტიპის კოორდინაცია მხოლოდ მატებს ხმას ჯამში ოპოზიციას და რისკებს გვიმცირებს მთელ ქვეყანას და ამცირებს რისკებს", - ამბობს ბოკერია. 

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, რიგ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინონ.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით უნდა ჩატარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატი პროპორციული სიით აირჩევა, ხოლო 30 - მაჟორიტარული წესით. 

კომენტარები