ფრენების აღდგენა

თურნავა: საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, რაც აეროპორტებსაც ეხება

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებამდე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, კომპანია TAV Georgia-მ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორია, უკვე უზრუნველყო, რომ აეროპორტში დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით განსაზღვრული რეკომენდაციები.

აეროპორტის შესასვლელში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები და ვიდეოსკანერები, რომლებიც მგზავრებს სიცხეს გაუზომავენ. ტერმინალებთან სტიკერებით მონიშნეს ადგილები, რათა მგზავრებმა ერთმანეთისგან დისტანცია დაიცვან, სარეგისტრაციო დახლებთან კი დამცავი ფარები მოეწყო.

თურნავას თქმით, "კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც".

"მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

საქართველო უცხოელ მგზავრებს პირველი ივლისიდან მიიღებს. ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უცხოელი ტურისტების მიღებას "უსაფრთხო დერეფნის" ქვეყნებიდან დაიწყება.

ცქიტიშვილის თანახმად, მთავრობა მუშაობს, რომ პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან შემოვიდნენ ტურისტები, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

"აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და სხვა ქვეყნებთან", - თქვა მან.

კომენტარები