ტურიზმი

ცქიტიშვილი: ტურიზმს ე.წ უსაფრთხო დერეფნების საშუალებით გავხსნით

საქართველოს მთავრობა

ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას "უსაფრთხო დერეფნის" ქვეყნებიდან დაიწყებს.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტურიზმი გაიხსნას და ისევ 12 მილიონი ვიზიტორი გვყავდეს, როგორც შარშან", - ამბობს ვიცე-პრემიერი პოსტვ-ს ეთერში.

ცქიტიშვილის თანახმად, მთავრობა მუშაობს, რომ პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან შემოვიდნენ ტურისტები, სადაც ახალი კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

"ე.წ უსაფრთხო დერეფნების საშუალებით გავხსნით ტურიზმს", - აცხადებს ცქტიშვილი და ასახელებს იმ ქვეყნებსაც, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს:

"აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და სხვა ქვეყნებთან."

ცქიტიშვილის თქმთ, უცხოელი ტურისტების ჩამოსვლა ორგანიზებული იქნება, ხოლო შესაბამისი სამთავრობო უწყებები გააკონტროლებენ, რამდენად იცავენ სასტუმროები უსაფრთხოების ნორმებს:

"მათი ჩამოსვლა იქნება ორგანიზებული და არასპონტანური. ჩვენ გვეცოდინება ის სასტუმროები, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამინისტრო, დარწმუნდება იმაში, რომ დაცულია წესები."

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან იხსნება.

როგორც 27 მარტს პარლამენტში განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოში შემოსულ ტურისტს კორონავირუსზე ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

კომენტარები