აშშ

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში არეულობის გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა

AP/ Seth Wenig

აშშ-ის სულ მცირე 30 ქალაქში, არეულობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციების გამო, კომენდანტის საათი გამოცხადდა.  

მშვიდობიანი აქციები, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა, ზოგ ქალაქში ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა ავტომობილები, შენობები გადაწვეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

არეულობის გამო, ვაშინგტონის, ტეხასის, იუტას, ნევადას, ოჰაიოს, ტენესის, მინესოტას, მისურის, ჯორჯიისა და კალიფორნიის შტატებში გუბერნატორებმა ეროვნული გვარდია მოიხმეს

ტეხასის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ტეხასელებს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების გამოყენება სრულიად შეუძლიათ, თუმცა ძალადობასა და ძარცვას არ აიტანენ.

იუტას გუბერნატორი გმობს ძალადობას - "ყველას, ვინც აპროტესტებთ, მოგიწოდებთ, რომ ეს მშვიდობიანად გააკეთოთ."

ჩიკაგოში მომიტინგეებმა სპეცრაზმის მიმართულებით ქვები ისროლეს. ისინი ცრემლსადენი გაზით დაშალეს და რამდენიმე პირი დააკავეს.

ლოს ანჯელესში რეზინის ტყვიები ისროლეს მომიტინგეების მიმართულებით, რომლებიც ბოთლებს ისროდნენ, ავტომობილებს წვავდნენ. 

ატლანტაში, სადაც მომიტინგეებმა შენობები დააზიანეს, მოსახლეობისა და საკუთრების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

კომენდანტის საათი შემოიღეს ფილადელფიაში, სადაც არეულობის შედეგად 13 პოლიციელი დაშავდა, პოლიციის ავტომობილები გადაწვეს და შენობები დააზიანეს. ადგილზე დაახლოებით 35 დემონსტრანტი დააკავეს.

შუა ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა პორტლენდსა და ლუისვილში

მინეაპოლისში, სადაც ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა, სწრაფად იმოქმედეს, კომენდანტის საათი დააწესეს და შედარებით ნაკლები შეტაკება იყო. ქალაქის პოლიციას ეროვნული გვარდიის დაახლოებით 700 წარმომადგენელი ეხმარება.

"მინეაპოლისში გაგზავნილია ეროვნული გვარდია, რათა შეასრულონ ის საქმე, რისი შესრულებაც დემოკრატმა მერმა ვერ შეძლო. ორი დღის წინ უნდა მომხდარიყო ეს და არ იქნებოდა დაზიანება, პოლიციის განყოფილებას არ აიღებდნენ და არ გაანადგურებდნენ. ეროვნული გვარდია დიდებულ საქმეს აკეთებს. ეს არ არის თამაშები!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, Twitter-ზე .

30 მაისს მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წარუდგინეს.

ფლოიდის ოჯახმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ის დაგვიანებულია. ოჯახი პოლიციელისთვის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარგენას და შემთხვევაში მონაწილე დანარჩენი სამი პოლიციელის დაკავებას ითხოვს. 

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭრიდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

კომენტარები