დანიისა და ნორვეგიის მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა ივნისიდან შეეძლებათ

კოპენჰაგენი

ნორვეგია და დანია ერთმანეთთან მოგზაურობის შეზღუდვებს ივნისში მოხსნიან. ქვეყნები საზღვარს არ გახსნიან შვედეთთან, სადაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია.

დანიის პრემიემრინისტრმა, მეთე ფრედერიკსენმა და ნორვეგიის პრემეირმინისტრმა, ერნა სოლბერგმა, განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვების უმეტესობა 15 ივნისამდე მოიხსნება. 

"ჩვენ ერთბაშად ვერ გავიხსნებით, რადგან ეს საფრთხის წინაშე დააყენებს ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ," - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა.

ამას გარდა, დანია ტურისტებს გერმანიიდან და ისლანდიიდანაც მიიღებს, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით - მგზავრებმა დანიაში ჩასვლამდე, სულ მცირე, 6-დღიანი ჯავშანი უნდა წარადგინონ. ამასთან, მათ კოპენჰაგენში დარჩენა არ შეეძლებათ, რადგან აქ ინფიცირებულთა უმეტესი ნაწილია თავმოყრილი.

ამავდროულად, დანიელებს გერმანიასა და ისლანდიაში ჩასვლა კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ. მთავრობამ დანიელებს ურჩია, რომ დიდ ქალაქებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რეგიონალური გადაწყვეტილების შესაძლებლობა იქნება, მაგალითად, ორესუნდის რეგიონის გახსნით," - განცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ

ამავდროულად, შვედეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ 15 ივლისამდე საზღვარგარეთ არ წავიდნენ.

მანამდე, 26 მაისს ლინდემ განაცხადა, რომ რეგიონის გასწვრივ საზღვრების გახსნისას შვედეთის გამოტოვება პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელება და სიკვდილის მაჩვენებელი კოპენჰაგენში უფრო მაღალია, ვიდრე შვედეთის სკანეს რეგიონში, რომელიც დანიას ესაზღვრება.

შვედეთში ახალი კორონავირუსი 36 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, დანიაში - 11 000-ზე მეტს, ნორვეგიაში - 8 000-ზე მეტს. შვედეთში ახალ ვირუსს 4 350 ადამიანი ემსხვერპლა, დანიაში - 568, ხოლო ნორვეგიაში - 236.

შვედეთმა, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, კრიზისის მართვის განსხვავებული გზა აირჩია - სკოლები არ დაკეტილა. ბიზნესების უმეტესი ნაწილი, მათ შორის რესტორნები და ბარები ღიაა, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

წაიკითხეთ შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის და არჩეული სტრატეგიის ავტორის, ანდერს ტეგნელის ინტერვიუ, რომელიც ხსნის, რატომ აირჩია ქვეყანამ ეს მეთოდი და რატომ ჰყავთ უფრო მეტი გარდაცვლილი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს.

კომენტარები