კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 - ბოლნისიდან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, საქართველოში 8 ახალი შემთხვევიდან 6 პაციენტს ახალი კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა, ხოლო 2-ს - ბოლნისში. 

ყოველდღიურ საინფორმაციო ბრიფინგზე ეზუგბაიამ თქვა, რომ ახალ შემთხვევებს შორის ხანდაზმულები არ არიან, მათ შორის ყველაზე პატარა კი 16 წლისაა. 

"თუ კლინიკურად შევაფასებთ და არსებული რუტინული კვლევებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმეს არ სცილდება", - ამბობს ეზუგბაია. 

რვავე ახალი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ამ დროისთვის ახალ კორონავირუსზე სულ 40 ადამიანი მკურნალობს. როგორც ეზუგბაია ამბობს, მათ გარდა 28 მაისს კლინიკაში კიდევ ერთი ადამიანი გადაიყვანეს, რომელსაც ახალი კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. თუმცა, მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა ე.წ ოქროს სტანდარტის PCR-დიაგნოსტირებით და პასუხი, ექიმის განმარტებით, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. 

"მძიმე პაციენტებთან გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება. იმ სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახსენებდით, მკვეთრად გაუმჯობესებულია და მათ მდგომარეობასთან მიმართებით შეიძლება საშუალოზე მძიმე ვთქვათ", - ამბობს ეზუგბაია. 

ექიმის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია - მათი დიდი ნაწილი საშუალო სიმძიმისა, უფრო ნაკლებთან ვირუსი მსუბუქი სიმძიმით მიმდინარეობს. 

კომენტარები