ლუგარის ცენტრი

ცქიტიშვილი ლუგარზე: ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მით უმეტეს რუსეთთან

საქართველოს მთავრობა

"ეს ცალკეულ ქვეყანასთან ურთიერთობის ნაწილი ვერ გახდება, მით უმეტეს რუსეთთან", - ინფრაქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეხმაურება რუსების მოთხოვნას ლუგარის ცენტრში მათი ექსპერტების შეშვების შესახებ, რათა "შეამოწმონ" ცენტრის საქმიანობა. 

ცქიტიშვილი ამბობს, რომ საქართველომ სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის ფარგლებში არაერთხელ შესთავაზა საერთაშორისო ორგანიზაციებს იქ შესვლა.

"საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაწილში, რა თქმა უნდა, ლუგარის ცენტრი ყველასთვის არის ღია", - ამბობს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება, რუსული მხარის პორპაგანდას, რომ შესაძლოა ლუგარის ცენტრი საფრთხეს შეიცავდეს, ცქიტიშვილი ამას რუსულ ნარატივს უწოდებს და ამბობს, რომ არაერთხელ ჰქონდათ საშუალება საერთაშორისო ექსპერტებს და ორგანიზაციებს გაცნობოდნენ რა კეთდება ლუგარის ცენტრში.

"ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრზე ხდება ასეთი დამატებითი პროვოცირება და ბუნებრივია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლუგარის ცენტრი ემსახურება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ლუგარის ცენტრი რომ არ გვქონოდა ჩვენ არ ვიქნებოდით ასეთი წარმატებულები კოვიდთან ბრძოლაში", - ამბობს ცქიტიშვილი.

რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოში მდებარე ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ და ამჯერად ის ითხოვს, წვდომა ჰქონდეს ცენტრის ყველა შენობაზე, ლაბორატორიასა და დოკუმენტზე, რათა მისი მუშაობა "შეამოწმოს". ეს ყველაფერი რუსეთს მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე უნდა.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული უწყების პასუხად 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პროცოკაციული განცხადებები დეზინფორმაციაა და შემაშფოთებელია. ქართული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას, თუმცა მზადაა, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, უკვე მერამდენედ, მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით.

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, გასულ წელს განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.

იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრის პოსტს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში იკავებდა. 1995 წელს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად სწორედ იგორ გიორგაძე დასახელდა. თუმცა, გიორგაძემ საქართველო იმავე დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზიდან დატოვა. იმ დროიდან მოყოლებული გიორგაძე რუსეთში ცხოვრობს.

კომენტარები