ლუგარის ცენტრი

კობახიძე: ლუგარზე ყველა გადაწყვეტილება მიიღება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციებით

უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე.

კობახიძე ეხმიანება რუსეთის მოთხოვნას, რომ წვდომა ჰქონდეთ ლუგარის ცენტრის ყველა შენობაზე, ლაბორატორიასა და დოკუმენტზე, რათა მისი მუშაობა "შეამოწმონ".

"საკითხი არის ძალიან მარტივი. გავივლით კონსულტაციებს და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვინ რას ითხოვს ეს არის მათი საქმე, მაგრამ ჩვენი საქმეა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები", - ამბობს კობახიძე.

რუსეთი ასევე მიუთითებს, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე უნდა მოხდეს.

უწყება ასევე წერს, რომ ქართული მხარის მიერ რუსეთის წინა განცხადების შეფასება, როგორც "უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის", უსაფუძვლო და პროვოკაციული ხასიათის ბრალდებაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს მიზანია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს იმ საომარი და ბიოლოგიური მოქმედებებიდან, რომელიც ამ ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს.

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული უწყების პასუხად 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პროცოკაციული განცხადებები დეზინფორმაციაა და შემაშფოთებელია. ქართული მხარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას, თუმცა მზადაა, უმასპინძლოს მორიგ ვარჯიშს/ვიზიტს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, მათ შორის რუსი ექსპერტების მონაწილეობით.

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა, უკვე მერამდენედ, მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით.

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, გასულ წელს განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან.

იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრის პოსტს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში იკავებდა. 1995 წელს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად სწორედ იგორ გიორგაძე დასახელდა. თუმცა, გიორგაძემ საქართველო იმავე დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზიდან დატოვა. იმ დროიდან მოყოლებული გიორგაძე რუსეთში ცხოვრობს.

კომენტარები