ახალი კორონავირუსი საქართველოში

გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 ადამიანი დააჯარიმეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 ადამიანი დააჯარიმეს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობსი რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის სულ 69 მოქალაქე დაჯარიმდა. 

შსს-ს ინფორმაციით, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის 8, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კი 2 მოქალაქე დააჯარიმეს.  

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000, იურიდიული პირი კი 15 000 ლარით ჯარიმდება. 

ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შეზღუდვა 23 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გაუქმდება.

კომენტარები