შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი

კობახიძე: ოპოზიციამ აირჩიოს - საგანგებოს შენარჩუნება, ვირუსის მიშვება ან ეს კანონპროექტი

პარლამენტი

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, ხელისუფლებას აქვს მოქმედების სამი ვარიანტი, რომელთაგან ერთი უნდა აირჩიონ.

მისი თქმით, ეს ვარიანტებია:

  1. "უნდა გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა.
  2. მივუშვათ ვირუსი და ვიცით, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ვირუსის თავის ნებაზე მიშვებამ. ამის მაგალითია ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც 5300-ს შეადგენს ინფიცირებულთა რიცხვი და 335 შემთხვევა დაემატა მხოლოდ გასულ დღე-ღამის განმავლობაში.
  3. მესამე ვარიანტი არის ამ კანონის მიღება, მეოთხე არ არსებობს".

"მოდით, მოვუწუდოთ ოპოზიციას, რომელსაც არ აინტერესებს კონტრარგუმენტები, აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან. დაველოდოთ ხვალამდე პასუხს, თუ არ მივიღებთ პასუხს, ნათლად გაირკვევა, რომ ყველაფერი იყო სპეკულაცია და ჩვენ აბსოლუტურად სუფთა სიდისით შეგვიძლია, მივიღოთ ეს კანონი", - თქვა მან.

კობახიძის თქმით, საქართველო კორონავირუსს ეფექტურად უმკლავდება, თუმცა, მიუხედავად შთამბეჭდავი შედეგებისა, მოცემულობა რთულია და გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას მოითხოვს, მაგალითად, საქალაქთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვას გარკვეული ვადით. შესაბამისად, მისი თქმით, "სპეკულაციები აბსოლუტურად უადგილო"ა.

პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს. მმართველი გუნდი კანონპროექტის მიღების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

დოკუმენტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს.

კომენტარები