კორონავირუსი საქართველოში

კილაძე: წინა ხელისუფლებას კანონი არ მიუღია, ისე აწამა გირგვლიანი, მოკლა რობაქიძე, მოლაშვილი

საქართველოს პარლამენტი

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძისთვის მიუღებელია ოპოზიციის შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებების შეზღუდვის უფლებას ანიჭებს, საფრთხის შემცველია.

მან კვლავ ენმ-ის მმართველობაზე ისაუბდა და თქვა, რომ "თუ ვინმეს რამის ბოროტად გამოყენება უნდა, მას ამისთვის არც კანონი, არც სამართალი, არაფერი სჭირდება და რომ ამის მაგალითები ცოტა ხნის წინ ვნახეთ".

"რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, ადამიანის უფლებებში ართანაზომიერი ჩარევის, არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა, ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ საფრთხეები, დავაზღვიოთ რისკები და ერთად, მსჯელობით მივიყვანოთ ეს კანონი ისეთი კონდიციამდე, რომ რისკები იყოს მაქსიმალურად დაზღვეული.

თუ რომელიმე კოლეგა გვეტყვის, რომ ეს კანონი არ შეიძლება მივიღოთ, იმიტომ რომ ის შეიძლება ბოროტად გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ - ამ კოლეგას შემიძლია ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამა გირგვლიანი, მოკლა ბუტა რობაქიძე, მოლაშვილი. ეს არ მომხდარა კანონის საფუძველზე საერთოდ", - თქვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კილაძე ასევე ირწმუნება, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ძლიერი ბერკეტები, რომლითაც მთავრობის ეფექტურ კონტროლს განახორციელებს.

პლენარულ სხდომაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მთავრობას უფლებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს. მიზეზად ხელისუფლება ახალ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ასახელებს.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად. მთავრობას სურს, სხვა შეზღუდვები, რომელიც ტრანსპორტის აკრძალვას, გაადგილებას და ბიზნესის მუშაობას ეხება, ძალაში დატოვოს.

კომენტარები