კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მთავრობა მზადაა, მივიდეს პარლამენტში და ყველა შეკითხვას უპასუხოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა მზად არის, უახლოეს დღეებში მივიდეს პარლამენტში და დეპუტატების ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. 

გახარიას თქმით, მთავრობას ესმის, რომ საზოგადოებაში გარკვეული შეკითხვები არსებობს სხვადასხვა მიმართულებით. 

"საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან", - თქვა გახარიამ. 

პრემიერმინისტრის თქმითვე, მთავრობამ უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს იმის საცნობებლად, რომ მზად არიან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარსდგნენ. 

"ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები", - თქვა გახარიამ. 

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღეებიდან ითხოვდნენ პრემიერმინისტრისა და მთავრობის პარლამენტში მისვლას და დეპუტატებისთვის ანგარიშის ჩაბარებას, თუმცა გახარია პარლამენტში ამ 2 თვის განმავლობაში არცერთხელ გამოჩენილა. 

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 23 მაისს სრულდება და მასთან ერთად გაუქმდება ე.წ კომენდანტის საათიც და სხვა შეზღუდვების ნაწილიც, თუმცა ქართულმა ოცნებამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ენიჭება უფლება, რიგი შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე მიიღოს. ოპოზიცია ამ კანონპროექტს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მის მხარდაჭერას არ აპირებს. 

კომენტარები