კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 8 ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება, 7 - საკარანტინე სივრცეს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 7 კი - საკარანტინე სივრცეში მყოფი ადამინები არიან, რომლებსაც კორონავირუსი ტესტირების შედეგად დაუდასტურდათ. 

"ამ 8 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევა არის მძიმე, კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. დღეს გაფართოებული კვლევები ჩატარდება და ვიტყვით ყველაფერს. არიან მაღალი ასაკის მქონე პირებიც და საშუალო ასაკის", - თქვა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება მის კლინიკას, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ინფექციით 31 პაციენტი მკურნალობს, კიდევ 3 არის შესაძლო შემთხვევა, რომლებსაც კვლევა ახლა უტარდებათ. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 485 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. ქვეყანაში უკვე ერთ კვირაზე მეტია, აქტიური შემთხვევების რაოდენობა გამოჯანმრთელებულების რაოდენობაზე მცირეა. ამ ეტაპზე 224 აქტიური შემთხვევაა. 

კომენტარები