კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 22-26 მაისს ბოლნისსა და თელავში, შემთხვევითი შერჩევით, ეპიდსიტუაციას გამოვიკვლევთ

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 22 მაისიდან 5 დღის განმავლობაში ბოლნისსა და თელავში სეროპრევალენტობის კვლევა ჩატარდება.

"ბოლნისის მთელ მუნიციპალიტეტში უნდა დავადგინოთ, როგორია ახალი კორონავირუსის გავრცელება მთლიანად რეგიონში და საკონტროლოდ ავიღეთ თელავი.

კვლევა ორივეგან ერთი და იმავე პრინციპით, შემთხვევითი შერჩევის მიდგომით ჩატარდება. კვლევა 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რა ღონისძიებები გატარდება ბოლნისში", - თქვა გამყრელიძემ.

მისი შეფასებით, ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტად ქვემო ქართლი დაზარალდა, მათ შორის, ბოლნისის ორი სოფელი დღემდე ცხელ წერტილად რჩება.

"ბოლნისის რამდენიმე სოფელი ცხელ წერტილად რჩება. გამოვიყენებ ამ სიტყვას, რადგან სოფელ მუშევანში გამოკვლეული 542 ნიმუშიდან 51 დადებითი იყო, ეს 10%-ია. სოფელ გეტაში გამოკვლეული 320 ნიმუშიდან დადებითი გვაქვს 18, რაც 7%-ია.

სამ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში დაახლოებით 5000 ტესტი ჩატარდა. მათი შედეგებით ფასდება ეპიდსიტუაცია და იგეგმება შემდგომი ღონისძიებები", - თქვა მან.

ბოლნისი და მარნეული საქართველოში ყველაზე ადრე, 23 მარტს გამოცხადდა მკაცრ საკარანტინო ზონებად. მარნეული 18 მაისიდან გაიხსნა.

ახალი კორონავირუსი საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე სულ 713 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 - გარდაიცვალა.

კომენტარები