კორონავირუსი საქართველოში

GDI: საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება

ტაბულა

დღეს, 20 მაისს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც დააწესოს.

კანონპროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს Covid 19-ის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების შენარჩუნებას.

კანონპროექტის ავტორთა აზრით, სახელმწიფოს საგანგებო მდგომარეობის არარსებობის პირობებშიც უნდა შეეძლოს, სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის შეფასებით", ეს კანონპროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს: ის არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს და ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს

უფრო კონკრეტულად, GDI-ის შეფასებით:

არ შეესაბამება კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომ უფლებების შეზღუდვა კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს.

"წარმოდგენილი კანონპროექტით ერთი მხრივ გაფართოებულია საკარანტინო ღონისძიებების ცნება, (რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის უფლების შეზღუდვა), მეორე მხრივ კი აღნიშნული ღონისძიებების კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრა მთლიანად მინდობილია აღმასრულებელ ხელისუფლებას.

საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს ფორმალურ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც უფლებების შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით. მართალია, ზოგადად გარკვეული საკითხების მოწესრიგებისათვის უფლებამოსილებების დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დასაშვებია, თუმცა „კანონით გათვალისწინება“ არ ნიშნავს, იმას რომ უნდა მოხდეს უფლების შეზღუდვის აბსოლუტური დელეგირება მთავრობაზე. აღნიშნული მიდგომა დაარღვევდა იმ მნიშვნელოვან საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს სწორედ იმას, რომ უფლებების შეზღუდვის ფარგლები, მასშტაბები და შინაარსი სწორედ საკანონმდებლო ორგანომ უნდა განსაზღვროს. ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კი მხოლოდ და მხოლოდ დააკონკრეტოს ის თუ რა გზებით და როგორ მოახდენს მის აღსრულებას.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მხოლოდ საქართველოს პარლამენტია აღჭურვილი კონსტიტუციური მანდატით, მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენს კონსტიტუციურ უფლებებზე.“[5]

ამდენად, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა თუ მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს", - წერს GDI.

ორგანიზაციის დასკვნით, კანონპროექტი ასევე არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს.

"კონსტიტუციური მოთხოვნა იმის შესახებ, რომ შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული კანონით, ნიშნავს არამხოლოდ იმას, რომ იგი ფორმალურად ეწეროს კანონში, არამედ იმასაც, რომ იგი იყოს საკმარისად გასაგები და განჭვრეტადი, რათა ინდივიდებს ჰქონდეთ საკმარისი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაში და რა ფორმით შეიძლება მოხდეს კანონით დაწესებული მოთხოვნების გამოყენება მათ წინააღმდეგ. წარმოდგენილი კანონპროექტი ამ მიმართულებითაც პრობლემურია. მაგალითად, ბუნდოვანია ის, თუ რა შემთხვევაში ჩათვლის შესაბამისი სახელმწიფო უწყება პირს „შესაძლო ინფიცირებულად“, ან რა ჩაითვლება „ფიზიკურ პირთა მიერ სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრად".

კანონპროექტი ზრდის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შეზღუდვების თვითნებურად და არაპროპორციულად გამოყენების რისკებს

"გამომდინარე იქიდან, რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ფარგლებს, შეუძლებელია სრულფასოვანი შეფასება იმის, თუ რამდენად დააკმაყოფილებს იგი კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნას- დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი. მართალია, კანონპროექტში აღნიშნულია კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი- საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა მოხდეს აუცილებელი და პროპორციული ზომების გამოყენებით. იმ პირობებში, როდესაც კანონი არ ადგენს კონკრეტულ წინაპირობებსა და უფლების შეზღუდვის ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნების და არააუცილებელი/არაპროპორციული საშუალებების გამოყენების რისკები მთავრობის მხრიდან საკმაოდ მაღალია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სულ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმადაც განისაზღვრა საკმაოდ მკაცრი ადამინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის".

მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა

"კანონპროექტით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ 185-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც დასაშვებს ხდის პანდემიის დროს პროცესის დისტანციურად გამართვას. ამგვარი შესაძლებლობის შემოტანა თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა (იმ საგამონაკლისო წესების გათვალისწინებით, რაც ზოგადად არსებობის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით), რასთან დაკავშირებითაც საგანგებო მდგომარეობის დროს უკვე არსებობდა პრობლემა"

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ კანონპროექტს და დაიწყოს მუშაობა კონსტიტუციასთან შესაბამი კანონპროექტის შემუშავებაზე. GDI გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში და წვლილი შეიტანოს კანონმდებლობის დახვეწაში.

კომენტარები