კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 11 ახალი შემთხვევიდან ყველა წყარო ცნობილია, 9 უკავშირდება ბოლნისს

რადიო თავისუფლება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. ამის შესახებ ეზუგბაიამ საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ამ 11-დან 9 არის ბოლნისის წყარო, ეს არის ორი სოფელი გეტა და მუშევანი. ესენი არიან უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. რაც შეეხება კიდევ ორ ინფიცირებულს, ისინი არიან თვითიზოლაციაში მყოფი პაციენტები", - თქვა ეზუგბაიამ. 

როგორც ექიმი განმარტავს, ამ 11 შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი გადაუყვანიათ. ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის მის საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 26 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. 3-მა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა კლინიკა 19 მაისს დატოვა. 

"მძიმე პაციენტების სპექტრი არ შეცვლილა. კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს. ის კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო პროგნოზულად არაკეთილსაიმედო, უკვე რამდენიმე დღეა იმდენად დასტაბილურებულია და ყოველდღიურად უმნიშვნელო, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება, რომ ალბათ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროგნოზი კეთილსაიმედო უნდა იყოს", - თქვა ეზუგბაიამ. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ჯამში ახალი კორონავირუსის 713 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. კორონავირუსის დადასტურებული აქტიური შემთხვევები 226-ია. 

ასევე დაიკლო საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანების რიცხვმაც. ჯამში კარანტინში 3 519 ადამიანია.

ქვეყანაში 22 მაისამდე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ითვალისწინებს რიგ შეზღუდვებს, მაგალითად 10 ადამიანზე მეტის შეკრებას და საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილებას. 

კომენტარები