კანონპროქეტი შეზღუდვებზე

ვოლსკი: არ შეიძლება, ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე

ტაბულა

"მთავრობას აქვს იმის რესურსი, რომ მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური", - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მთავრობას რიგი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც შეეძლება.

"მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობა -  ეს არის კანონით განსაზღვრული, რომელიც მიღებულია 2007 წელს. ჩვენ პრაქტიკულად, ომის პირობებში ვართ. არ შეიძლება ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე, მითუმეტეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან“, - ამბობს ვოლსკი.

ოპოზიცია ამ კანონი მიღებას ეწინააღმდეგება. ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მსგავსი კანონი მმართველი გუნდის ხელში სახიფათო იარაღია. 

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი კი ამბობს, რომ არათუ ქართული ოცნების, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის, ასეთი უფლების მინიჭება სრულიად დაუშვებელია. დეპუტატის თქმით, შემაშფოთებელიც კია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. 

IPN-ის ცნობით, რომელსაც კანონპროექტზე წვდომა ჰქონდა, დოკუმენტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

კომენტარები