საარჩევნო შეთანხმება

გახარია: საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარია პასუხობს ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ამ გზით ხელი შეუწყოს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას.

"მმართველ გუნდს აქვს აბსოლუტურად გააზრებული პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება. რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს პოზიციას, ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც შეთანხმება მოხდება დღევანდელ ეტაპზე ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპულია. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულირება", - თქვა პრემიერმინისტრმა.

მას შემდეგ, რაც 15 მაისს, ოპოზიციის და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგად სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, დასავლელი პარტნიორები გიორგი რურუას გათავისუფლებას ელიან - 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება და ის პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, ანუ რურუა არ გათავისუფლდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარს არ დაუჭერს. რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებიც მოუწოდებენ.

კომენტარები