კორონავირუსი საქართველოში

კანონპროექტით, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებოს გარეშეც შეძლებს

ტაბულა

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს. კანონში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცვლილელების პროექტის ინიცირება 19 მაისს, ბიუროს სხდომაზე მოხდება. 

IPN-ის ცნობით, რომელსაც კანონპროექტზე წვდომა ჰქონდა, დოკუმენტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

მოქმედი კანონით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ავად არ არის, თუმცა ჰქონდა ესპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდში. გამოცემის ცნობით, პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ასევე "მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად". 

გამოცემის ინფორმაციით, ამ კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ყველა ამ ღონისძიების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად პარლამენტის მხარდაჭერა არ დასჭირდება. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე. 

კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

კანონპროექტის ერთერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 17 მაისს თქვა, რომ მთავრობას მიენიჭება უფლება, პანდემიის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლოს "კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ლოკაციებზე კრიზისის დარეგულირება, რომ მან შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა". 

ხუნდაძე საკითხის შესახებ დამატებით განმარტებას 13:00 საათზე გააკეთებს და მას მაშინვე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები