აშშ რუსეთს ფილტვების ვენტილაციის 200 აპარატს საჩუქრად გადასცემს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში რუსეთს დაეხმარებიან და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატს გადასცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია რია ნოვოსტი, თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ორი დღით ადრე იგივე საკითხზე წერდა ამერიკის ხმაც. გამოცემის ინფორმაციით, ხელოვნური სუნთქვის 200 აპარატს აშშ რუსეთს უახლოს პერიოდში მიაწოდებს. მათ შორის, პირველი 50 აპარატი, რომელსაც კალიფორნიაში დაამზადებენ, ტრანსპორტირებისთვის მზად უკვე ოთხშაბათს, 20 მაისს იქნება, დანარჩენი 150 აპარატი კი 26 მაისისთვის იქნება მზად. გამოცემის ინფორმაციით, აპარატებს რუსეთში აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია ჩაიტანს. 

"ვლადიმერ პუტინის თხოვნის შემდეგ, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას ეხებოდა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზაობა რუს ხალხს საჩუქრად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 200 აპარატი გადასცეს", - ამბობს რია ნოვოსტის ანონიმური წყარო გამოცემასთან საუბარში.

გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ 4,7 მილიონი დოლარის აპარატურა რუსეთს საჩუქრად გადაეცემა, ხოლო სამხედრო ავიაციის გამოყენება კომერციულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების გამო გადაწყდა. 

ანონიმური წყაროს თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატები რუსი ხალხისთვის არის განკუთვნილი და ეს არ ნიშნავს ამერიკელი და რუსი სამხედროების პარტნიორობას. 

მანამდე, აპრილში რუსეთმა აშშ-ს საკუთარი წარმოების, რამდენიმე ათეული აპარატი გადასცა, თუმცა დახმარება ფუჭი გამოდგა. წინა კვირებში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სასუნთქი აპარატების აალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შემდეგ აშშ-მა რუსული წარმოების აპარატების გამოყენებაზე უარი თქვა. 

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განაცხადეს, რომ აპარატები ჯერ კიდევ არ იყო დამონტაჟებული საავადმყოფოებში და რუსული წარმოების აპარატები აშშ-ში არ გამოუყენებიათ. 

აპრილის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში რუსეთს შესაძლოა დახმარება დაჭირდეს და გამოთქვა მზაობა რუსეთს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები გადასცეს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსის 290 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2,722 პაციენტი.

კომენტარები