ესპანეთი

ესპანეთი ტურისტებს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოდან მიიღებს

shutterstock

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ხოსე ლუის აბალოსმა თქვა, რომ ქვეყანა ტურისტებისთვის, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გაიხსნება.

ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის გამო შემოღებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, ოფიციალურმა მადრიდმა გასულ კვირას უცხოეთიდან შესული პირებისათვის 2-კვირიანი კარანტინი დააწესა. მიზეზად მათ ვირუსის მეორე ტალღის საფრთხე დაასახელეს.

თუმცა, ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ეს დროებითია და ეტაპობრივად მოიხსნება. პირველ ეტაპზე აღდგება ქვეყნის შიგნით გადაადგილება.

"ვერ დავუშვებთ, რომ უცხოელებმა იმოგზაურონ ესპანეთში, როცა ჩვენი მოსახლეობა სახლებშია გამოკეტილი. ტურისტების მიღებას ივნისის ბოლოდან დავიწყებთ, იმედი მაქვს. ესპანეთი მიმზიდველი ქვეყანა უნდა იყოს ჯანდაცვის კუთხით", - თქვა მან.

ტურიზმი ესპანეთის ეკონომიკის 12%-ს შეადგენს. ივნისში საზღვრების გახსნის შემთხვევაშიც კორონავირუსის გამო ქვეყნის შემოსავალი 93-დან 124 მილიარდ ევრომდე შემცირდება. მარტსა და აპრილში ქვეყანაში უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა. უმუშევრობის გამო დახმარება 5.2 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა.

ესპანეთში ახალი კორონავირუსი სულ 277 719 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 27 650, გამოჯანმრთელდა 195 945 ადამიანი.

კომენტარები