17 მაისი

გვავიწყდება, რომ ადამიანის გადარჩევაზე ქრისტემ უარი თქვა - ეპისკოპოს რუსუდანის ქადაგება

სქრინი ვიდეოდან
ტაბულა

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მშვიდობის კათედრალში იქადაგა. 

ეპისკოპოსის თქმით, ის დიდხანს ეძებდა ბიბლიაში, თუ რომელი საკითხავი უნდა მიესადაგებინა დღევანდელი დღისთვის. 

"უფლის სულია ჩემზე, რადგანაც უფალმა მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად".

"ეს არის ის პირველი სიტყვები, რომლითაც იწყებს მაცხოვარი იესო თავის მოღვაწეობას, როგორც სულიერი წინამძღოლი, როგორც რელიგიური ლიდერი, როგორც ჩვენი სულების მხსნელი. ბევრი ვიფიქრე, რომელი საკითხავი შეიძლებოდა, შემერჩია დღევანდელ დღეს. ერთი მხრივ, დღეს, რომელიც არის 17 მაისი და 17 მაისი რა დღესასწაულადაც არ უნდა გადავაქციოთ, ჩვენს გონებაში, ჩვენს ყურებში ჟღერს, როგორც 17 მაისი - დღე, როდესაც ადამიანები წესით უნდა ებრძოდნენ სიძულვის და, როგორც წესი, ეს არის დღე, როდესაც ყველაზე მეტად ავლენენ სიძულვილს.

და მეორე, დღეს, როგორც წესი, აღინიშნება ხოლმე მაისის მესამე კვირა დღეს და წელს ეს 17 მაისს დაემთხვა და ეს არის შიდსის მსხვერპლთა გახსენების დღე.

ვფიქრობდი, რა საკითხავი შეიძლება შევუსადაგო დღევანდელ დღეს. იმიტომ, რომ ეს ის თემებია, რომლებზეც როგორც წესი, ადამიანი ამბობს, რა უნდა ამაზე ლაპარაკს ტაძარში, რატომ უნდა იყოს საკურთხეველზე გადაფარებული ცისარტყელას ფერებიანი დროშა. რატომ უნდა ეხვიოს ღვთისმსახურს ამ ფერებიანი სტოლა. რა კავშირი აქვს ქრისტიანობას, ღვთისმსახურებას, ტაძარს, ეკლესიას ისეთ თემებთან, როგორიცაა სექსუალური უმცირესობები, ისეთ დაავადებებთან, რომლებიც როგორც წესი ასოცირდება სექსუალურ უმცირესობებთან. ბევრი ვიფიქრე და სწორედ ეს საკითხავი შევარჩიე იმიტომ, რომ აქ კარგად ჩანს, რა მისიით მოვიდა მაცხოვარი დედამიწაზე:

"უფალმა მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, სულ უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად"

ეს ფრაზა ყველა ღვთისმსახურმა ზეპირად უნდა ვიცოდეთ. რისთვის მოვიდა ჩვენი მაცხოვარი, ჩვენ, როგორც ღვთისმსახურები, ჩვენი მაცხოვრის მსახურები, რას უნდა ვემსახუროთ - გლახაკთა ხარებას, მათ გაბედნიერებას, მათთვის სიხარულის მოტანას, გულგატეხილთა განკურნებას, ტყვეთა განთავისუფლებას, ბრმათათვის თვალის ახელას, თავისუფლების და სიხარულის წლის გამოცხადებას. 

არა! რელიგია იმისაა და ყველაზე კარგად და ხალისით იმას ემსახურება, რომ ადამიანები გადაარჩიოს ცხვრებად და თხებად, ან ცხვრებად და მგლებად, მტრედებად და გველებად, ძაღლებად და კატებად, არ ვიცი, დაპირისპირებულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებად, კარგებად, ღვთისათვის კეთილ ადამიანებად, ღვთისათვის მისაღებ ადამიანებად და ღვთის პირიდან გადავარდნილებად. ყველაზე კარგად სწორედ ეს გამოგვდის. 

გვავიწყდება, რომ ადამიანის გადარჩევაზე ქრისტემ უარი თქვა და როცა შეგვატყო, რომ ამაზე უარს არ ვამბობდით, ერთი რამ გვითხრა: მოდით, თქვენ ამ ამბავს შეეშვით. ვინმეს დასჯა, ვინმეს ბოროტად, მგლად, თხად, გველად, ან ჯოჯოხეთის მოციქულად გამოცხადების ამბიცია მე მომანდეთ, ჩემია. შენ, მოდი, სიყვარულს ემსახურე. ემსახურე გლახაკთა გახარებას, ემსახურე გულგატეხილთა განკურნებას, ტყვეებისთვის თავისუფლების მიცემას. 

არა! ის უფრო სახალისოა. ან ის არის სახალისო, რომ ღმერთო, შენთვის მოგვინდია ყველა სასჯელი, ოღონდაც ეს დასჯა ჩემი თვალით დამანახე. ოღონდაც იმ ადამიანების მიწასთან გასწორება, რომლებიც მე მგლად, თხად, გველად და ჯოჯოხეთის მოციქულად მიმაჩნია, ამათი სასჯელი ჩემი თვალებით მახილე. 

ადამიანებს სიკეთის კეთება სიამოვნებას გვგვრის. ეს არ არის ის საქმე, როდესაც ადამიანი რაღაც თავის შინაგან დაბრკოლებებს გადააბიჯებს და ისე აკეთებს. ყველას გვიხარია გაჭირვებულისთვის ხელის გამართვა, თუკი ამის საშუალება გვაქვს. როდესაც ბიბლიის მუხლებს ჩამოვყევი, სად არის დათრგუნულთა ნუგეშის ცემის ამბავი, იქ ყველგან არის მოხსენიებული გლახაკები, ქვრივ-ობლები, უპოვრები, გულგატეხილები, უსამართლოდ ჩაგრულები. ამ ადამიანების ჩვენს თავში წარმოვიდგენთ ხოლმე სწორედ ცხვრებსა და მტრედებად იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან მისვლა, მათ გვერდით ყოფნა, მათთვის ნუგეშის მიცემა სასიამოვნოცაა, მომგებიანიც არის, არც სათაკილოა და არც არავინ დაგვძრახავს და თუ ვინმეს ყურამდე ეს ამბავი მივა, აფერუმს იტყვის, მეც მესიამოვნება, ღმერთსაც ესიამოვნება და სიკეთისა და ღმერთის მსახურების ამბავიც შესრულდება. 

მაგრამ თუკი იესოს ფეხდაფეხ გავედევნებით პირველი საუკუნის იუდეაში, თუკი გავყვებით, ვისთან მიდის, ვის გაუწვდის ხოლმე წაქცეულს ხელს, ვის ანუგეშებს, ვის გვერდით დაჯდება და პურს შეჭამს, მოილხენს, იხალისებს, ვის დაუმეგობრდება, ვის გულს გადაუშლის, თუ კარგად მივყვებით სახარების ნაბიჯებს, დამერწმუნეთ, რომ ასე ლაღად ვერ გავყვებით ყველა ნაბიჯს ეკლესია.

იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ქვრივ-ობოლი, გლახაკი, მიუსაფარი, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს სტანდარტებში, ჩვენს სოციალურ გარემოში, ჩვენს ფასეულობებში უნდა ჯდებოდეს. იესო მიდიოდა იმ ადამიანებთან, იმათ გვერდით იდგა, რომლებთანაც არცერთი თავმოყვარე, ადამიანების კეთილგანწყობისათვის მებრძოლი და მოშურნე ღვთისმსახური არასდროს წავიდოდა.

დღევანდელი დღე არის იმ ადამიანების დღე, რომლებსაც რელიგიამ, ადამიანებმა, კულტურამ, ცივილიზაციამ მტრედებისა და ცხვრების გარემოში ადგილი ვერ უპოვა. 

იმ ადამიანების დღე, რომლებიც აი, იმის გამო კი არა, რაც ჩაიდინეს ან რაც გააკეთეს, არამედ იმის გამო, რაც არიან, როგორადაც უფალმა ისინი დაბადა, ადამიანებმა განაყენეს, შორს დატოვეს. და იმდენად შორს დატოვეს, რომ მათთვის ხელის გაწვდომა სათაკილოდ აქციეს", - თქვა ეპისკოპოსმა ქადაგებაში.

კომენტარები