კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ახალი შემთხვევების ზრდა, ძირითადად, ბოლნისს უკავშირდება, მოსახლეობას იკვლევენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავორუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა ბოლნისიდან არის და მათი კონტაქტებია.

"ბოლო 24 საათში დადასტურებული 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის რაიონიდან არის, ძირითადად ეს არის სოფელი გეტა და მუშევანი. შემდეგი 8 არის დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ ორი არის ახალი დადასტურებული, რომელიც შემოვიდა საკარანტინე სივრციდან", - ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, ბოლნისის 8 შემთხვევიდან 4 ინფექციურში მკურნალობს, კლინიკაშია მოთავსებული ასევე 4 პაციენტი მეორე 8 შემთხვევიდან.

კითხვაზე, დადასტურებული შემთხვევების ზრდა უკავშირდება თუ არა შეზღუდვების მოხსნას, ეზუგბაია პასუხობს, რომ ახალი შემთხვევები ძირითადად ბოლნისში ვლინდება და ამ ეტაპზე, "შეუძლებელია იმის თქმა, რომ შეზღუდვების მოხსნის შედეგად არის განპირობებული დადასტურებული შემთხვევების ზრდა".  

"ერთი დღე 38-ია, მეორე დღეს 3 ან 4 და ა.შ უბრალოდ, ამ ორ სოფელში ხდება პაციენტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება, რაც ძალიან კარგია. მათი დაკარგვა უფრო საფრთხილო და საშიში იქნებოდა. ბოლნისის რაიონის კვლევა წარმოებს და თქვენ მოგახსენათ დაავადების კონტროლის წარმომადგენლებმა, რომ ძალიან ჭირს ამ რაიონში მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაცია და მოძიება კონტაქტების ცოტა რთულია, მაგრამ მაინც ხდება და კარგია, ეს ასე რომ ხდება. ეს არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების გამოკვლევა თავიდან ბოლომდე არ არის რთული. ამას სჭირდება დრო. რაც მთავარია, ეს არ გადის ბოლნისის გარეთ", - ამბობს ეზუგბაია. 

სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები,​ ხოლო სოფელი გეტა 15 მაისიდან მოექცა თვითიზოლაციაში. 23 მარტიდან ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები კარანტინშია.

კომენტარები