პოლიტპატიმრების გათავისუფლება

უგულავა: თუ გვინდა, რომ ეკონომიკური კოლაფსიდან ამოვიდეთ, ამას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ, პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს და უახლეს ისტორიაში ეს სამარცხვინო ფურცელი უნდა გადაიშალოს. 

უგულავა ამბობს, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, რადგან მოქმედი მთავრობა, კორონავირუსის ფონზე, ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსიდან ამოსასვლელად საჭირო ცვლილებების გატარებას ვერ შეძლებს. 

"კაცობრიობას ოდითგანვე სამი რამე აწუხებდა - ომი, პანდემია და შიმშილი და ამ საერთაშორისო პანდემიის შემდეგ, ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ჩვენს ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს და ექნება. მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს ან არ მოსწონს დღევანდელი ხელისფულება, უნდა გვესმოდეს, რომ 8 წლის თავზე ხელისუფლება აუცილებელ ცვლილებებს ვერ გაატარებს.

მტკივნეული ცვლილებებია საჭირო - ბიუჯეტის და ბიუროკრატიის შეკვეცა, გადასახადების დაწევა, ქამრების ძალიან შემოჭერა, ინვესტორებთან მუშაობა, სასამართლო - ეს მთავრობა ამას ვერ შეძლებს. ამიტომ, თუ გვინდა რომ ეკონომიკური კოლაფსიდან ამოვიდეთ, ამას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები და ეს ცვლილებები აუცილებლად მოხდება არჩევნების გზით, ამ წლის ბოლოს," - ამბობს უგულავა. 

უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილის დრო წასულია და საერთაშორისო საზოგადოება მას არაფერს აღარ აპატიებს. 

"ახალი ხელისფულება როდესაც ხარ, ბევრი რამე გეპატიება, მაგრამ როდესაც ორი ვადის ბოლოში ხარ, აღარაფერი აღარ გეპატიება, მით უმეტეს მაშინ, როცა წამდაუწუმ იტყუები და ატყუებ შენს პარტნიორებს", - თქვა უგულავამ.

პოლიტპატიმრები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა. 

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოწოდების შემდეგ, 15 მაისს, სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახლა საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, ჯინ შაჰინი გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ, სადაც წერია, რომ ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებით გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ

"მომდევნო კვირებში, მას შემდეგ რაც პარლამენტი სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში. ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს", - აღნიშნავენ ისინი.

კომენტარები