კიბერ-თავდასხმა

აშშ: Covid-19-ის კვლევებზე ჩინეთთან დაკავშირებული კიბერ-აქტორების თავდასხმის მცდელობებს ვგმობთ

მაიკ პომპეო
The Hill

აშშ გმობს ჩინეთის სახალო რესპუბლიკასთან დაკავშირებული კიბერ-აქტორების და არატრადიციული მომპოვებლების მცდელობებს, მოიპარონ აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრება და ახალი კორონავირუსის კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 

ამ განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტი 13 მაისს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გაზრდილია კიბერ-თავდასხმები იმ ორგანიზაციებზე, სადაც კორონავირუსის კვლევა მიმდინარეობს.

"კიბერსივრცეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქცევა ახალი კორონავირუსის პანდემიისას მისი კონტრპროდუქტიული ქმედებების გაგრძელებაა," - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მაშინ, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები სიცოცხლეების გადასარჩენად კოორდინაციას უწევენ კოლექტიურ, გამჭვირვალე საპასუხო ქმედებას, ჩინეთი განაგრძობს მეცნიერების, ჟურნალისტების, მოქალაქეების გაჩუმებას და ავრცელებს დეზინფორმაციას, რაც ჯანმრთელობის კრიზისისთან დაკავშირებულს საფრთხეებს უფრო ამწვავებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთის მხრიდან ინფორმაციის მოპარვის მცდელობა ახალი არ არის და მას ყურადღებით აკვირდებიან.

დონალდ ტრამპმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობაზე დაწესებული აკრძალვის ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა. აკრძალვა ეხება ამერიკულ კერძო კომპანიებს, რომლებმაც ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან აშშ-ის ნაციონალურ უსაფრთხოებას. 

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვის დადგენილებაში არ არის ნახსენები კონკრეტული კომპანიები, ფაქტიურად მიღებული ზომები ჩინურ Huawei-ს და ZTE-ს ეხება. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საშიში კომპანიებთან თანამშრომლობა პრეზიდენტმა 2019 წლიდან აკრძალა.

ჩინეთი აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს. გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის მკურნალობაში და ვაქცინის შექმნის პროცესში ლიდერია და ინფორმაციის მოპარვა არ სჭირდება.

აშშ-ს ჩინეთი და ჩინური კომპანიები ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში წარსულშიც არაერთხელ დაუდანაშაულებია.

დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობებმა უკვე გაავრცელეს გაფრთხილება ჯანდაცვის სექტორზე კიბერ-თავდასხმების საფრთხის თაობაზე. მათი თქმით, ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ვაქცინასთან ან კორონავირუსის წამალთან დაკავშირებული ინფორმაცია. ანალიტიკოსების თქმით, მსგავსი ტიპის აგრესიული ოპერაციები რამდენიმე ქვეყნისაგან მოდის, მათ შორის არიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

გასულ კვირას კი The Daily Mail-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბრიტანულ ლაბორატორიაზე რუსული კიბერ-შეტევა საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა.

კომენტარები