კიბერ-თავდასხმა

დეკანოიძე ბრიტანეთზე კიბერ-შეტევაზე: საქართველოს ხელისუფლების კრემლთან კავშირს ადასტურებს

მთავარი არხი/screenshot

"ეს არის ძალიან სკანდალური გამოძიება, რომელიც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ კავშირს რუსეთის ხელისუფლებასთან, კრემლთან და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების სამსახურებთან", - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსმა ჰაკერებმა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ასობით ბრიტანელის მონაცემები ლაბორატორიიდან მოიპარეს. გამოცემა წერს, რომ ჰაკერები საქართველოდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

დეკანოიძე ამბობს, რომ გამოძიებაში საქართველო მხარის ჩართულობა "არანაირ შედეგს არ მოიტანს და საერთაშორისო გამოძიების ძალიან აქტიური ქმედებით ჰაკერული ქსელი უნდა გამოაშკარავდეს". 

ტაბულა აღნიშნულ გამოძიებაზე სუსს დაუკავშირდა და ოფიციალურ კომენტარს ელოდება. 

The Daily Mail-მა ინფორმაცია 10 მაისს გაავრცელა. გამოცემის მიხედვით კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს. ისინი წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ჰაკერებმა მოპარული ინფორმაციის დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს და კომპანის ფასდაკლებას დაჰპირდნენ, თუ კორონავირუსის წამალს იპოვიან.

გამოცემის ცნობით, Hammersmith Medical Research (HMR)-ში დაადასტურეს, რომ 14 მარტს მომხდარი კიბერ-თავდასხმის შედეგად მოპარულია პასპორტების დასკანერებული ვერსიები, სადაზღვეო ბარათების და ვიზის დოკუმენტების მონაცემები, პაციენტების ფოტოები, კითხვარები და სამედიცინო ისტორიები.

პარალელურად, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობები ავრცელებენ გაფრთხილებას  ჯანდაცვის სექტორზე კიბერ-თავდასხმების საფრთხის თაობაზე. მათი თქმით, ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ვაქცინასთან ან კორონავირუსის წამალთან დაკავშირებული ინფორმაცია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის აგრესიული ოპერაციები რამდენიმე ქვეყნისაგან მოდის, მათ შორის არიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

კომენტარები