კიბერ-თავდასხმა

სესიაშვილი: მინდა, ოპონენტებს იმედი გავუცრუო, Daily Mail-მა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, Daily Mail-მა სავარაუდოდ, დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ ბრიტანულ ლაბორატორიაზე რუსული კიბერ-შეტევა საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა.

სესიაშვილის თქმით, ამ ინფორმაციას ქართული სტრუქტურები არ ადასტურებენ, შესაბამისად, ოპონენტებს ამის გამო კიდევ ერთხელ "გაუცრუვდებათ იმედი", ვინაიდან, როგორც დეპუტატი ამბობს, ოპოზიციას "ძალიან დიდი სურვილი აქვს, "საქართველოზე მავნებლური ინფორმაცია გავრცელდეს და საქართველო სკანდალში გაეხვეს".

"თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან და ბრიტანელები ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ, როცა რუსეთმა განახორციელა თავდასხმა საქართველოზე. არ გაეპარებოდა არც ერთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეილი მეილმა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციას ჩვენი სტრუქტურები არ ადასტურებენ, მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედები უნდა გავუცრუო, რომ საქართველო არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში", - თქვა სესიაშვილმა.

ბრიტანულმა ტაბლოიდმა, Daily Mail-მა დღეს, 10 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა ლაბორატორიიდან მოიპარეს სამედიცინო ცდებში მონაწილე ასობით ბრიტანელის მონაცემები, რომლებიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. გამოცემის მიხედვით კიბერ-თავდასხმის უკან რუსეთი და ირანი დგანან და მათ სამიზნეს ბრიტანეთის ლაბორატორიები და უნივერსიტეტები წარმოადგენს. The Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰაკერები საქართველოდან მოქმედებენ და კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან არიან დაკავშირებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, არც რამე განცხადება გაუვრცელებიათ. ტაბულას სუს-ში გვეუბნებიან, რომ ამ თემაზე "დაგვირეკავენ".

კომენტარები