რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სპიკერს, დმიტრი პესკოვს, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ ორმხრივი პნევმონია აღმოაჩნდა.
ამის შესახებ პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში თავად განაცხადა.
მისი თქმით, ის თითქმის ყოველდღე იტარებდა ვირუსის დიაგნოსტიკის ტესტს. ახალი კორონავირუსის დადასტურების პირველ დღეს მას ვირუსის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი აღენიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი ტემპერატურა 37 C-ზე მაღალი გახდა.
ის პირველი "ორი ან სამი დღე" სახლში მკურნალობდა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი თქმით, იმ პაციენტებს, რომლებსაც ერთმხრივი პნევმონია აქვთ, სახლში მკურნალობენ, ხოლო მათ, ვისაც ორმხრივი პნევმონია აქვს "სხვა არჩევანი არ აქვთ", რაც ნიშნავს, რომ საავადმყოფოში მკურნალობენ.
პესკოვი საჯაროდ 30 აპრილს გამოჩნდა, როდესაც რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, განაცხადა, რომ მას კორონავირუსი აქვს. მიშუსტინის გარდა ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვასაც.
რუსეთში აშშ-ის შემდეგ Covid-19 მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში Covid-19-ის მქონე პაციენტთა გარდაცვალების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება.
ოფიციალური მონაცემებით რუსეთში კორონავირუსი სულ 252 245 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 9 974 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით 2 305 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 53 530.





