კორონავირუსი საქართველოში

ძალაში რჩება კომენდანტის საათი, მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნისა და წინ ჯდომის შეზღუდვა

ტაბულა

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 14 მაისს ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიური სიტუაციის შედარებით დასტაბილურების გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზოგიერთი შეზღუდვა დაგეგმილზე ადრე მოხსნას. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები. ამასთან, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა, რომელიც კრძალავს ერთ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ყოფნას, მიუხედავად იმისა, ოჯახის წევრები არიან, თუ უცხო ადამიანები. ასევე ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, მძღოლის გვერდით სავარძელი თავისუფალი უნდა იყოს. 

ასევე ძალაში რჩება ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ეკრძალებათ გადაადგილება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. 

პრემიერმინისტრს საზოგადოებისთვის ეს გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია და არც კონკრეტული არგუმენტი უთქვამს, რითიც ახსნიდა, რატომ ტოვებს ამ შეზღუდვებს ძალაში. მეტიც, ე.წ კომენდანტის საათისა და წინ ჯდომის შესახებ პრემიერმინისტრს დღევანდელ ბრიფინგზე საერთოდ არ ულაპარაკია. რაც შეეხება მანქანაში 3 ადამიანზე მეტის ყოფნის აკრძალვას, პრემიერმინისტრი მარტივი დასაბუთებით შემოიფარგლა.

"ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა", - განმარტავს მთავრობის მეთაური. 

ამასთან, სამ ადამიანზე მეტის შეკრების დაშვება მასობრივ შეკრებებს არ ეხება. როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, ეს დაშვება ასევე არ ნიშნავს საპროტესტო აქციის გამართვის დაშვებასაც. 

"1. შეკრება-მანიფესტაცია აკრძალეს;
2. აკრძალეს 3 ადამიანზე მეტის შეკრება;
3. ამ საგანგებოს ფარგლებში, რადგან შეკრება-მანიფესტაცია აკრძალულია, გვქონდა გამოხატვის უფლება. ერთ ადამიანს შეგვეძლო გვეპროტესტებინა (თუმცა ეგეც ეპრობლემებოდათ და ერთი კაცის აქციისთვისაც დააჯარიმეს ხალხი. რაც არ იყო სწორი);
4. 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის გააუქმება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საპროტესტო აქციების უფლება მოგვეცეს;
5. 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვასთან ერთად უნდა გააუქმონ შეკრება-მანიფესტაციის აკრძალვაც, რომ ხალხმრავალი აქციების (2+ ადამიანი) უფლება დაგვიბრუნდეს", - წერს მარიკაშვილი. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი - გარდაიცვალა. 

ქვეყანაში უკვე ერთ თვეზე მეტია საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ავტომობილში მძღოლის გვერდით ჯდომა, მიუხედავად იმისა, უცნობი ადამიანია, თუ ოჯახის ახლო წევრი. 

საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს მთავრდება, იქამდე კი შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. ამ დროისთვის აღდგენილია ავტომობილების გადაადგილება და გახნილია ის ქალაქებიც, რომელიც ჩაკეტილი იყო - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 

ამ ყველაფრის ფონზე იანვრიდან აპრილამდე ექსპორტი 11.9%-ით, იმპორტი კი 11.8%-ით შემცირდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კი საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5.5%-მდე შეამცირა.

კომენტარები